ტყიბულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს და სხვადასხვა ფონდებიდან 8 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. მუნიციპალიტეტის მერი, დავით კუბლაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, იზოლდა ნემსაძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოების, გზებისა და საჯარო სკოლების მცირე რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.


ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ მუხურაში და ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილობრივებისგან სხვა საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
სოფელ მუხურაში მაღალმთიანი დასახლების ფონდის დაფინანსებით ბარბაქაძე-ბუიძეების უბანში 3 კმ სიგრძის ბეტონის საფარიანი გზა დაიგო და ხიდ-ბოგირი მოეწყო. წელს, ასევე განხორციელდება ტელმანისა და საკვირაოს უბნებში გზის რეაბილიტაცია. ქალაქში გზის განახლება და შიდა ეზოების მოწყობა 20 მიმართულებით მიმდინარეობს.
მოგვიანებით ხელისუფლების წარმომადგენლები საჯარო სკოლების მცირე რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში N4 საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ. აღნიშნული პროგრამით მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლაში 1 400 000 ლარის ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს.