ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ახალი პროექტი ტყიბულის განვითარებისათვის

29 მარტი, 2019

,,ადგილობრივი თანამშრომლობა, იმერეთის მეორე დონის პოსტინდუსტრიული ქალაქების გამოცოცხლებისთვის“ პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბნინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, პარტნიორი ორგანიზაციების, პოზნანის მეტროპოლიის ასოციაციისა (პოლონეთი) და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს და პოექტის ძირითად მიმართულებებს გაეცვნენ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ, 27 მარტს, ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებთან ერთად, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ,,ადგილობრივი თანამშრომლობა, იმერეთის მეორე დონის პოსტინდუსტრიული ქალაქების გამოცოცხლებისთვის“ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 355 ათასი ევროა და იმერეთის მხარის სამ პოსტინდუსტრიულ ქალაქში: ტყიბულში, ჭიათურასა და ზესტაფონში ხორციელდება. პროექტი, საჯარო და კერძო სექტორს შორის ურთიერთთანამშრომლობას, ევროკავშირში არსებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, განვითარების გეგმის მომზადებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციის თანამშრომელთა გადამზადებისა და პოლონური გამოცდილების გაზიარების გზით, ეკონომიკური გამოცოცხლებისა და სტაბილურობის განვითარებას ითვალისწინებს. პროექტი სამი ქალაქის (ზესტაფონი, ჭიათურა, ტყიბული) ინდუსტრიული რევიტალიზაციისთვის მნიშვნელოვან პროექტებს დააფინანსებს, რისთვისაც საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებითა და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით მომზადდება ინდუსტრიული რევიტალიზაციის გეგმები.

პროქტის ფარგლებში გაძლიერდება მუნიციპალიტეტების თანამშრმელთა და პარტნიორების უნარები, დაგეგმონ, მართონ და განახორციელონ ინდუსტრიულ რევიტალიზაციასთან დაკავშირებული პროექტები, ისე რომ სარგებელი მიიღოს ადგილობრივმა საზოგადოებამ.

შეხვედრისას მუნიცპალიტეტის მერმა სტუმრებს ქალაქის შესახებ მოკლე ისტორია გააცნო, არსებულ რეალობაზე ისაუბრა და ყურადღება მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენიალზე გაამახვილა. მოგვიანებით მან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, პარტნიორებს მნიშვნელოვანი ობიექტები დაათვალიერებინა, რომლებიც ქალაქის ეკონომიკურ, კულტურულ და სპორტულ განვითარებას უკავშირდება.

გააზიარე