ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ქვანახშირის ღია კარიერებზე არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილმა კომისიამ საქმიანობა დაიწყო

4 მაისი, 2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქვანახშირის ღია კარიერებზე არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, ამავდროულად კომისიის თავმჯდომარემ, დავით ჩერქეზიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ და მოწვეულმა კომისიის წევრებმა, მათ შორის, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ლევან კიკნაველიძემ, სსიპ შრომის უსაფრთხოების სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, მაია მიქაიამ, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონალური სამმართველოს უფროსმა, მამუკა ქიმუცაძემ, შპს „საქნახშირი“-ს დირექტორის მოადგილემ შრომის უსაფრთხოების დარგში, ავთანდილ ბოჭორიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა და სამთო დარგის ექსპერტებმა დეტალურად იმსჯელეს მუნიციპალიტეტში არსებული ქვანახშირის ღია კარიერების ფუნქციონირების მიზანშეწონილობისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე.

                  

    
საკითხის ირგვლივ გაიმართა დისკუსია, სადაც კომისიის წევრებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და წარმოადგინეს წინადადებები. აგრეთვე, დაისახა სამომავლო გეგმები შემდგომი ნაბიჯების განსახორციელებლად. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, კომისიის შექმნა ბოლო პერიოდში ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე მომხდარ უბედურ შემთხვევებს უკავშირდება.

 კომისიის მიზანია უზრუნველყოს ქვანახშირის ღია კარიერების სამართლებრივი სტატუსის, ღია კარიერული წესით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და მოპოვებული ნედლეულით სარგებლობის უფლების, ასევე წიაღისეულის მოპოვების პროცესში შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის საკითხების დეტალური შესწავლა და ანალიზი.

კომისიამ საკითხების შესწავლის საფუძველზე დასკვნის სახით უნდა შეიმუშაოს რეკომენდაციები ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული ქვანახშირის ღია კარიერების შემდგომი ფუნქციონირების მიზანშეწონილობისა და კანონიერების თაობაზე.

გააზიარე