ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

1 თებერვალი, 2023

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში დასახლებების საერთო კრებები და  კონსულტაციები მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საწირის, ხრესილისა და მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდნენ.

საწირესა და მუხურაში ამომრჩევლებთან კონსულტაცია გაიმართა, ხოლო სოფლებში: ხრესილი, ბუეთი, ახალდაბა, გადაღმა წყალწითელა, გადმოღმა წყალწითელა, ლეღვა, ივანეული, ძუყნური, ძიროვანი, დაბაძველი, ზედუბანი, მანჭიორი, სამტრედია, ბზიაური, ახალსოფელი, დასახლების საერთო კრებები ჩატარდა.

 

             

წელს, ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილია 542000 ლარი.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ძირითადი პრიორიტეტები გააცნეს და მათგან მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით მოსაზრებები მოისმინეს.

შეხვედრებზე მოსახლეობის გადაწყვეტილებით შეირჩა პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა უმეტესი ნაწილი სასაფლაოს შემოღობვას, შიდა გზების, წყალმომარაგების და გარე განათების მოწესრიგების საკითხებს შეეხებოდა. საწირის მოსახლეობამ სკვერის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო მუხურაში არსებული ბოგირების რეაბილიტაცია გადაწყდა.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივებს, მუხურაში დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. მან აღნიშნა, რომ გარდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა, სოფელში წელს დაიწყება საბავშვო ბაღის მშენებლობა, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი და მუხურის ცენტრში სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ტყიბულის მუნიციპალიტეტში 9 თებერვალს დასრულდება.

გააზიარე